აკადემიკოს ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი 1981 წლის 21 აპრილს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა.
მუზეუმი დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქის ვანის განაპირას არსებულ ბუნებრივ ბორცვზე, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ვანის მუზეუმ-ნაკრძალი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის და მისი სამეცნიერო თუ საექსპოზიციო პროგრამებით, ეროვნული მუზეუმის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენელი კომპონენტებია: ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და საკუთრივ მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში ვანის ნაქალაქარის ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ინახება.
მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის VIII-დან I ს-ის ჩათვლით. აქვეა ექსპოზიცია, რომელიც ვანის სატაძრო ქალაქად ყოფნის პერიოდს ასახავს. მუდმივ გამოფენაზე წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებებისა და მათი ფრაგმენტების ექსპოზიცია.
ვანში ყოველწლიურად საერთაშორისო სიმპოზიუმები ტარდება, რომლებიც ანტიკური ხანის შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნება. ნაქალაქარის არქეოლოგიური ექსპედიცია მისი უნიკალური აღმოჩენებით უკვე რამოდენიმე ათეული წელია, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.