დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი


დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა.
მუზეუმ-ნაკრძალი წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც განამარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა.
1991 წლიდან დმანისის ძეგლზე ჰომინიდის ხუთი თავის ქალა არის ნაპოვნი. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, საერო და საკულტო ნაგებობებსა და საიდუმლო გვირაბს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIIIს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.