დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი


დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა.
მუზეუმ-ნაკრძალი წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც განამარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა.
1991 წლიდან დმანისის ძეგლზე ჰომინიდის ხუთი თავის ქალა არის ნაპოვნი. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, საერო და საკულტო ნაგებობებსა და საიდუმლო გვირაბს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIIIს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი


მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. აქ დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია, რომელთა შორის განსაკუთრებულია: "ადიშის ოთხთავი" (897), "იერუსალიმის განჩინება" (Xს), "მესტიის ოთხთავი" (1033), სახარების სხვა უძველესი რედაქციები, ქართული ჭედური და ფერწერული ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი.
ექსპონატების ქრონოლოგია III ათასწლეულიდან იწყება. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი VI ს-ის ბრინჯაოს სირიულ საცეცხლურებს (X_XI სს) რელიკვარიუმებსა და ეტრატზე შესრულებულ უძველეს ხელნაწერებს ეთმობა.
აქვე დაცული არის XII ს-ის ვერცხლის სასანური სურა, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, XIII ს-ის ვენეციური ე.წ. დეკორატიული ჯვარი და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სილიხანის ხატი, რომელშიც გოლგოთის ჯვრის ნაწილია ჩატანებული.

სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი

სამაზრო მუზეუმი ახალციხეში 1923 წელს დაარსდა რომლის ბაზაზეც 1937 წელს მხარეთმცდნეობის მუზეუმი გაიხსნა.
1972 წელს მუზეუმის კუთვნილებაში ე.წ. “რაბათის” ტერიტორიაზე არსებული ორი შენობა გადავიდა და მუზეუმს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
მუზეუმში რეგიონის კულტურული მემკვდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, ეთნოგრაფიული მასალა და ფოტო-დკუმენტები.

დღეისვის მუზეუმის ფონდებში 25 ათასზე მეტი ექსპონატი არის დაცული, მათ შორის ხელნაწერთა და ძველ ნაბეჭდ წიგნთა ფონდი. განსაკუთრებული ადგილი ქართულ ლაპიდარულ ნიმუშებსა და ხალიჩა-ფარდაგების გამოფენებს უკავიათ.

აკადემიკოს ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი 1981 წლის 21 აპრილს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა.
მუზეუმი დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქის ვანის განაპირას არსებულ ბუნებრივ ბორცვზე, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ვანის მუზეუმ-ნაკრძალი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის და მისი სამეცნიერო თუ საექსპოზიციო პროგრამებით, ეროვნული მუზეუმის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენელი კომპონენტებია: ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და საკუთრივ მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში ვანის ნაქალაქარის ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ინახება.
მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის VIII-დან I ს-ის ჩათვლით. აქვეა ექსპოზიცია, რომელიც ვანის სატაძრო ქალაქად ყოფნის პერიოდს ასახავს. მუდმივ გამოფენაზე წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებებისა და მათი ფრაგმენტების ექსპოზიცია.
ვანში ყოველწლიურად საერთაშორისო სიმპოზიუმები ტარდება, რომლებიც ანტიკური ხანის შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნება. ნაქალაქარის არქეოლოგიური ექსპედიცია მისი უნიკალური აღმოჩენებით უკვე რამოდენიმე ათეული წელია, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა


ქალაქის მუნიცპალურ მუზეუმი 1910 წელს დაარსდა. მოგვიანებით მას იოსებ გრიშაშვილის სახელი მიენიჭა.
1984 წლიდან თბილისის ისტორიის მუზეუმი არწრუნის ქარვასლის შენობაში გახლავთ განთავსებული.
მუზეუმის ფონდებში 50 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. ისინი ასახავენ თბილისის ისტორიას ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოდან დღემდე.
მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და უმდიდრესი ფოტო კოლექცია.
აქვე ინახება მხატვრული და გრაფიკული ხელოვნების მრავალი უნიკალური ძეგლი.
წარსულის ამსახავ მასალასთან ერთად თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგვიდგენს თანამედროვე ხელოვნებასაც. 1986 წლიდან მის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო დარბაზებში ქართველ და უცხოელ ხელოვანთა გამოფენები ეწყობა.

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ


მუზეუმი ღია ცს ქვეშ 1966 წლის 27 აპრილს დაარსდა. მისი შექმნის ინიციატორი ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია გახლდათ.
მუზეუმი კუს ტბის ფერდობის ჩრდლოეთ ნაწილზეა განთავსებული და 52 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა განთავსებული.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში 14 ეთნოგრაფიული ზონაა: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი და ოსეთი.
საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიულ არეალებისსავის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და კოლორიტებითაა წარმოდგენილი.

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი

1920 წელს დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა. ამ ფაქტს აღფრთოვანებით შეხვდა იმდროინდელი საზოგადოება, რამაც განსაზღვრა კიდეც გალერეის შემდგომი ბედი: საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ინტერესის, მხარდაჭერისა და გალერეის მესვეურთა ძალისხმევის შედეგად ეროვნული გალერეა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერად იქცა, სადაც ქართული კულტურის ძეგლთა თავმოყრა დაიწყო.
1932 წლის 5 აგვისტოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით ეროვნული გალერეის რეორგანიზება მოხდა და მის ბაზაზე სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაფუძნდა, სადაც თავი მოიყარა საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო და ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოებების, აგრეთვე თბილისის უნივერსიტეტის ძველი ქართული ხელოვნების კოლექციებმა.
1933 წელს მუზეუმისათვის მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო შენობა, რის გამოც მომდევნო წლებში მას ხელოვნების მუზეუმ "მეტეხად" მოიხსენიებდნენ. მუზეუმის პირველი დირექტორი გახლდათ დიმიტრი შევარდნაძე.
1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლით საქართველოს 1921 წელს მენშევიკური მთავრობის მიერ საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძური დაუბრუნდა, რომლის დიდი ნაწილიც ხელოვნების მუზეუმს გადაეცა.
1950 წლიდან მუზეუმი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმად იწოდებოდა. ამავე წელს მას გადასცეს შენობა, რომელშიც დღემდეა განთავსებული. ეს გახლავთ რუსული ამპირის სტილის ნაგებობა, რომელიც 1838 წელს აშენდა და მასში ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასულიერო სემინარია იყო განთავსებული.

მუზეუმის შემდგომი აღმავლობა მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია მისი დირექტორის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან.
2004 წლიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია და მიმდინარე რეფორმების პირობებში კვლავაც განაგრძობს კოლექციების ექსპონირებას, კვლევასა და დაცვას.
მუზეუმის საგანძურში გამოფენილია ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქრის, საიუველირო ნაკეთობების, მხატვრული ქსოვილებისა და ნაქარგობის უნიკალური ძეგლები. მნახველთა ყურადღებას იპყრობს ძველი ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშები, ქართველ მხატვართა შედევრები, რუსული, ევროპული თუ აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძეგლები.